საახალწლო მოგზაურობები 2013

კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… მაგრამ იცით რა კარგია, ყველაფერი რომ ყირამალა ჩანს? აქეთ უზოლებო ვეფხვი დარბის, იქით ქათამი მარტა თვით ადმირალ ნელსონს უდებს კვერცხს, ჭიანჭველა ტომასი ხან სუქდება, ხან ხდება, მარტორქა სემი ლოგინში ვახშმობს, მზეს საუზმე ეწვება,  მეფე ბებიასთან მიდის სტუმრად, სპილო ისე ახრამუნებს ორცხობილას, რომ ხალხს პრემიერ-მინისტრის სიტყვაც კი მოსწონს, ნისლი დედოფლის დაბადების დღეზე მიდის, არტური და ჰარი ქალაქში წესრიგს ამყარებენ… ბისეტის სამყაროში კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ვეფხვია. აი ის, აბაზანაში ნებივრობა რომ უყვარს… 🙂

ასტრიდ ლინდგრენის “ბიულერბიუელი ბავშვები” – გადაკითხვასა და მხიარულ განწყობაზე თუ მიდგა საქმე, ასტრიდის გამოტოვება არ გამოვა 🙂 მერედა ბიულერბიუელი ბავშვები რა მხიარულად ცხოვრობენ და როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს… იქ, სადაც ლიზა, ულე, ბოსე, ლასე, ანა და ბრიტა ცხოვრობენ, შობა მაშინ იწყება, როცა თაფლაკვერებს აცხობენ. გაგრძელებაც შესანიშნავია. საჩუქრები და ნაძვის ხე არც ჩვენ გვიკვირს, მაგრამ საციგაოდ თბილისს აშკარად ბიულერბიუ სჯობს 🙂 ახალი წელიც განსაკუთრებულია – მართალია, ფანჯრიდან არ ჩანს, მაგრამ მაინც მოდის 🙂 საერთოდ ბიულერბიუში ყოველი დღე განსხვავებულია –  როგორც ჩანს, წლების წინ არ შევმცდარვარ – ბიულერბიუში მინდა ცხოვრება! მეც ბულერბიუელი ვარ!

ტერი პრატჩეტის “ზამთრის საქმეების ოსტატი” – გადაკითხვა კარგია, მაგრამ ახალი “საახალწლო” წიგნების “დაგემოვნებაც” არანაკლებ სასიამოვნოა. მით უფრო, როცა საქმე უკვე ნაცნობ დისკოს სამყაროს ეხება. მართალია აქ ვერც რინსვინდს შეხვდებით, ვერც ორყვავილას და ვერც ბატონ სიკვდილს (ეს ფრიად სიმპათიური არსება სულ ერთი წუთით გაიელვებს), მაგრამ არც 13 წლის დამწყები კუდიანი ტიფანი ბოლიტია ხელწამოსაკრავი პიროვნება (დისკოს სამყაროს ამბებს თანმიმდევრობით თუ წაიკითხავთ, ტიფანის ადრეც შეხვდებით, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი 🙂 ). მან ხომ, არც მეტი არც ნაკლები, ზამთრის საქმეები ოსტატთან იცეკვა და თავიც კი შეაყვარა გაყინულ მოხუცს… მაგრამ ზამთარი რის ზამთარი იქნებოდა, ტრადიციული მეთოდებით რომ დაეწყო სიყვარულის მტკიცება… და მისგან სამყაროს გადარჩენა თავად ტიფანის დაევალა და ჩვენც მასთან, კუდიანებთან, ნაკ მაკ ფიგლებსა და ბარონის ვაჟ როლანდთან ერთად ვაღვიძებთ ზაფხულის ქალღმერთს…

ჯანი როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი” – საახალწლო წიგნებსა და ფილმებზე სულ საუბრობენ, მაგრამ ეს წიგნი ძალიან იშვიათად თუ გაახსენდებათ (მეც მხოლოდ “მეზობელი” ბლოგების კითხვისას აღმოვაჩინე). არადა იტალიელ ბავშვებს თუ ჰკითხავთ, ახალი წლის ხსენებაზე ალბათ პირველ რიგში ბეფანა დაუდგებათ თვალწინ. ეს ქალბატონი ერთგვარი სანტაა და ცოცხზე ამხედრებული ურიგებს საჩუქრებს მათ, ვინც კარგად მოიქცევა… მაგრამ როდარის ბეფანა ძალიან ჩვეულებრივი ქალია და ერთი შეხედვით სრულიად არაჯადოსნური საქმიანობითაა დაკავებული – სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეა. სამაგიეროდ მის მაღაზიაში იმდენი სათამაშო ცხოვრობს… დიახ, დიახ, ცხოვრობს და არა დევს. სათამაშოებსაც თავიანთი ცხოვრება აქვთ – ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ სევდიანი ცხოვრება. თუ ჯერ არ იცნობთ მათ, აუცილებლად გაიცანით და ბავშვებსაც გააცანით. რატომღაც მგონია, რომ მათი გაცნობის შემდეგ ბავშვები სათამაშოებს უფრო შეიყვარებენ და უფრო კეთილებიც გახდებიან…

P.S. ახალ წელს გილოცავთ! ბევრ საინტერესო “მოგზაურობას” გისურვებთ. ხომ გახსოვთ – საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია და სადღესასწაულო დღეებში მათ დაგემოვნებაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ (თან კარგი სიახლეებიც გვაქვს) 🙂 …მე კი წლის უკანასკნელ წუთებს ისევ დელასა და ჯეიმსს მივუძღვნი – ასეთი სასიამოვნო ტრადიციის დარღვევა არ ღირს 🙂

P.P.S. სულ ბოლოს წლის გამორჩეულ “მოგზაურობებს” გადავხედოთ 🙂

19 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    დეკ 30, 2013 @ 22:20:19

    იფ იფ იფ, რა კოლექციაა ❤

    ამის კითხვით, ზამთარში კი არა, მთელი წელი ვერ გაძღება კაცი ^_^

    Like

    პასუხი

  2. tami
    დეკ 31, 2013 @ 14:53:12

    ბიულერბიელებს გადავიკითხავდი სიამოვნებით, ბისეტი არ წამიკითხავს უნდა ვაღიარო, ვუყიდი ჩემ პატარებს და ერთად წავიკითხოთ იქნებ. გილოცავ ახალ წელს<3

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 31, 2013 @ 19:26:33

      აუცილებლად მოეწონებათ. განსაკუთრებით პატარას. ოღონდ ფრთხილად – აბაზანაში არ ჩახტეს 😀 დიდი მადლობა 🙂

      Like

      პასუხი

  3. tsotnee
    დეკ 31, 2013 @ 15:02:46

    სხვა რისი კითხვით უნდა სრულდებოდეს ძველი წელი თუ არა “მოგვთა საჩუქრებით”. ❤ მეც გილოცავ დამდეგს და კიდე უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ლიტერატურულ მოგზაურობებს გისურვებ!
    პ.ს. კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც, ნელ-ნელა მეც გამოგყვები!

    Like

    პასუხი

  4. kevana
    დეკ 31, 2013 @ 19:05:06

    ლაჟვარდისფერი ისარი ჩემი ბავშვობის ტკბილი მომენტებია.. მახსოვს ამეტირა კიდეც… და ცოცხალი ფერადი ფანქრები მინდოდა, რომ დახატავდი და გაცოცხლდებოდა ყველაფერი ❤

    Like

    პასუხი

  5. FantasyWorld
    დეკ 31, 2013 @ 19:16:46

    რა გემრიელი პოსტია ❤ ნამდვილად საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია ❤ თოვლის ბაბუსგან რამდენიმე ახალ საკითხავს ველი და ვეღარ ვითმენ თორმეტამდე :))) ასტრიდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი საახალწლო ტრადიცია ოჯახთან ერთად "მე ბებია ილიკო და ილარიონიდან" საყვარელი ნაწილების გადაკითხვაა. ახლა დავამთავრებთ მზადებას და არც წელს დავარღვევთ ჩვეულებას ❤ ყველას გილოცავთ ახალ წელს :* ყველაფერი საუკეთესოს და ბევრი ახალი თავგადასავლის მომტანი ყოფილიყოს!!

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 31, 2013 @ 19:41:33

      იცის თოვლის ბაბუამ თავისი საქმე :)) რატომღაც “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ზაფხულის არდადეგების ტრადიციად მქონდა. არდადეგები უკვე აღარ მექნება და იქნებ მეც საახალწლოდ გადავხედო ხოლმე. კარგი იდეაა 🙂 დიდი მადლობა 🙂

      Like

      პასუხი

      • FantasyWorld
        დეკ 31, 2013 @ 19:49:28

        იცის აბა რა! სასურველი წიგნების სიას თუ ჩამოუწერ განსაკუთრებით კარგად გამოსდის მერე 😀 ჩემთვის ამ ნაწარმოებს ის განწყობა მოაქვს, რომელიც ახალი წლის წინ აუცილებელია, სწორედ ამიტომ მაქვს ტრადიციად, თორე ისე დუმბაძისთვის შეუფერებელი დრო არ არსებობს ❤

        Like

        პასუხი

        • Kejeradze
          დეკ 31, 2013 @ 19:52:48

          აბა ჩემი თოვლის ბაბუა არ ინდობა. ამიტომ ნაღდ ანგარიშსწორებაზე გადავედით და ახალ წიგნებს რამდენიმე დღე დააგვიანდება 😀

          Like

          პასუხი

  6. salomeaa
    იან 06, 2014 @ 20:14:26

    ძალიან მშურს შენი,საერთოდ იშვიათად მშურს ადამიანების:*
    2013 წელს რომ გადავხედე მივხვდი, როგორ დაკარგულა ეს წელი ჩემთვის, ყოველ წელს წაკითხული წიგნების ჩამონათვალს ვაკეთებ და 2013 წელი ბოლო ადგილზეა:(((

    გილოცავ ახალ წელს, ბედნიერ შობას გისურვებ:))))

    ჩემი საახალწლო სურვილები წიგნებს უკავშირდება, გისურვებ იპოვნო შენი წიგნები, იმოგზაურო ბევრი და შეხვდე შენს ყველაზე საყვარელ ცოცხალ მწერალს, რომელთან შეხვედრაზეც გიოცნებია:))))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 06, 2014 @ 21:29:12

      მეც ძირითადად “ლიტერატურული” შური მახასიათებს :)))

      მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა 🙂

      მეც გილოცავ და აქაურობის შესაბამისად ბევრ საინტერესო “მოგზაურობას” გისურვებ :))) …რომ დავფიქრდი, საყვარელი მწერლების უმეტესობას ვეღარ შევხვდები, მაგრამ ფამუქს და ეკოს კი ვნახავდი სიამოვნებით :)))

      Like

      პასუხი

  7. salomeaa
    იან 06, 2014 @ 22:34:05

    საქმე ის არის, რომ გემო ვერ ჩავატანე წიგნებს:( ჰოოდა შეხვდი ფამუქს და ეკოს:)) მე ფრედერიკ ბეგბედერს შევხვდებოდი და კოელიოსაც პრინციპში:)

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 06, 2014 @ 22:45:09

      შანსი მცირეა, მაგრამ იმედი მაინც ვიქონიოთ :))) …მაშინ აჯობებს, უკეთეს დროს დაელოდო – წიგნები მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება 😉

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი